„დარიალის“ სასაზღვრო პუნქტში მყოფი უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებისთვის ანდრეი სიბიგა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობას უხდის

ანდრიი სიბიგა

„დარიალის“ სასაზღვრო პუნქტში მყოფი უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობას უხდის.

როგორც სიბიგა აღნიშნავს, ქართული და მოლდოვური მხარე ტრანზიტული მარშრუტის ორგანიზებასა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში უკრაინას დაეხმარნენ.

“უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ორგანიზებული იყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ბუფერული ზონიდან უკრაინაში უკრაინის 65 მოქალაქის დაბრუნება. მათ შორის 10 ქალი, 8 კი მძიმედ დაავადებული პირია. ყველა მათგანი საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალში“ იმყოფებოდა ფაქტობრივად ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, რომელიც რუსეთის ქმედებებით იყო შექმნილი. უკრაინელმა დიპლომატებმა და კონსულებმა ყველა ძალისხმევა გამოიყენეს მოქალაქეების დასაბრუნებლად და საზღვარზე მათი ყოფნის პირობების გასაუმჯობესებლად, კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით“, – ნათქვამია სიბიგას განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სიბიგას ცნობით, 21-22 აგვისტოს დაბრუნებული ჯგუფის ტრანსპორტირება საქართველოდან უკრაინაში მოლდოვის ტერიტორიის გავლით განხორციელდა.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს და მოლდოვის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს ტრანზიტული მარშრუტის ორგანიზებასა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში ხელშეწყობისთვის“, – წერს სიბიგა და აღნიშნავს, რომ წინა თვეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაუწია ორგანიზება საერთო ჯამში 44 მოქალაქის დაბრუნებას.

ამგვარად, „დარიალის“ გამშვები პუნქტიდან დაბრუნებული უკრაინელების საერთო რაოდენობამ 109 შეადგინა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინის საელჩოებთან უკრაინულ უწყებებთან და ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებიც გამოთქვამენ უკრაინაში რეპატრიაციის სურვილს“, – აღნიშნავს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი ივნისის მეორე ნახევარში შეიქმნა, როდესაც რუსეთმა მიზანმიმართულად მკვეთრად გაზარდა აღნიშნულ გამშვებ პუნქტში დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა. უკრაინულმა მხარემ მანამდე რუსეთს მოუწოდა, მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაგზავნოს და არა საქართველოს.

„ეს წინადადება ძალაში რჩება. თუ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს მის უგულებელყოფას, ერთადერთი დასკვნა იქნება, რომ დეპორტირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაგეგმილი ოპერაციაა. ამავდროულად, უკრაინა არასდროს ტოვებს თავის ხალხს გასაჭირში და ყოველთვის პრიორიტეტს მიანიჭებს თავისი მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას“, – წერს სიბიგა.