დაკარგავს თუ არა ენმ კიდევ ერთ მანდატს - პოლიტიკური პარტიების ამინდი პარლამენტში

varshalomidze

დაკარგავს თუ არა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთ მანდატს? ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს.

საკითხი დღის წესრიგში ლევან ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დადგა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დეპუტატს ბოიკოტი ოფიციალურად ჰქონდა გამოცხადებული და საკუთარ პოზიციას პარტია სხდომაზე დააფიქსირებს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაფასა.

მისი თქმით, არ უნდა მოხდეს უპასუხისმგებლობის წახალისება - დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ დეპუტატი პარლამენტის შენობიდან უნდა ემსახუროს ხალხს.

„ის თითქმის 2 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ასე რომ, ამის გადაწყვეტა ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პროცედურულად განსაზღვრულია, რომ თუ დეპუტატი მიმდინარე სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტ სასესიო დღეებს გააცდენს არასაპატიო მიზნით, მაშინ დგება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი - ასეთი საკითხი დღეს დგება ლევან ვარშალომიძის მიმართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის გადაწყვეტილებას  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

„მას არ უვლია არც ერთ სასესიო სხდომაზე და მისი მხრიდან ყველა გაცდენა იყო არასაპატიო. პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ დეპუტატი არ არის მოტივირებული,პარლამენტში სრულფასოვნად იმუშაოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.