დაგეგმილია შს სამინისტროსთვის 3 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ვერტმფრენის შეძენა - დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

მომდევნო წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 3 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ვერტმფრენის შეძენა - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია 30-მდე ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა.

„ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს  ვერტმფრენები, რომლებიც ასრულებენ ნაკისრ მოვალეობას, თუმცა, დამატებით კიდევ შეძენილ იქნება 3 ახალი ვერტმფრენი.

გარდა ამისა, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში იგეგმება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა - 30 ერთეულის. ბოლო პერიოდის ხანძრებმა აჩვენა, რომ საჭიროა თანამედროვე ტექნიკა, რომელიც მორგებულია ჩვენს პირობებს და გარდა ამისა, ეფექტურად ასრულებს დაკისრებულ ამოცანებს. სწორედ ამიტომ, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სწორედ სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.