ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, მისთვის შეიძლება, ჩვენთან გამჭვირვალობის კანონი არის რუსული, ვინც გვაკრიტიკებს, მათთან ეს კანონი ხან ფრანგულია, ხან კანადური, ხან ამერიკული, ასეთ ორმაგ სტანდარტებს მიჩვეული ვართ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, მისთვის შეიძლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთში სხვა მაღალი დონის ვიზიტებიც განხორციელდა, რაც ორმაგი სტანდარტების მაჩვენებელია.

„ერთი მხრივ -  საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, მისთვის შეიძლება. ან, ჩვენთვის არ შეიძლება გამჭვირვალობის კანონის მიღება, აქ ეს კანონი არის რუსული, მათ შეუძლიათ, ვინც გვაკრიტიკებს ამ კანონის მიღება და იქ ეს კანონი არ არის რუსული, არამედ არის ხან ფრანგული, ხან კანადური, ხან ამერიკული და ა.შ. ასეთ ორმაგ სტანდარტებს მიჩვეული ვართ, ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა რაღაცნაირად ვცხოვრობთ ამ რეალობითაც“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კარი ყველა დამკვირვებლისთვის ღიაა.

„თუ იქნება ინტერესი ამ ქვეყნების მხრიდან, რომ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს საქართველოში, მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.