ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია - ალი ასადოვი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგასთან

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კომისიის წევრებო, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აზერბაიჯანის დელეგაციისა და პირადად ჩემი სახელით გულთბილი მიღებისათვის. გადმოგცემთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას. 

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. მჯერა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებს. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და ჩვენი თანამშრომლობის სფეროების გაფართოება, აგრეთვე აზერბაიჯანისა და საქართველოს მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი მეგაპროექტები, რომლებსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ. ჩვენ გვექნება ამის განხილვის შესაძლებლობა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წელს, 18 ნოემბერს, ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავი, მაგრამ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორია. ჩვენს ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა. 

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში. მჯერა, რომ დღეს, თქვენი მონაწილეობით, ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სამი პროცენტით. რა თქმა უნდა, პანდემიის და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი და ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისია ხელს შეუწყობს ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. გარდა ამისა, ხელი მოეწერა „განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის“, ასევე „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე განზრახულობათა ოქმს“.