საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი - პრემიერი

პრემიერი

ჩვენი ურთიერთობა მართლაც უნიკალურია და გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომაზე განაცხადა. 

სხდომა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას.

„მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო. ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. მე მინდა ყველას მოგესალმოთ. პირველ რიგში, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში, განვიხილეთ ჩვენ შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომლებზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მე მქონდა პატივი, შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში. 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობისა ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, - განაცხადა პრემიერმა. 

როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება.