ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2030 წლისთვის საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. გასული წლების განმავლობაში, გვქონდა სერიოზული სირთულეები ამ მიმართულებით, თუმცა ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით.
ამის შესაძლებლობას მოგვცემს ის ცვლილებები, რომელიც მოხდა, მათ შორის, აშშ-ში. ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გადატვირთვა.
ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და მინდა, შეგახსენოთ, რომ ყველა ხელშესახები მიღწევა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს იყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, უვიზო რეჟიმისა და კანდიდატის სტატუსის მიღება. ოთხივე ხელშესახები შედეგი ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მანამდე, პრაქტიკულად, იყო ნულოვანი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
ჩვენი ამოცანა და უმთავრესი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 2030 წლისთვის ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო 2030 წლისთვის ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით იქნება ყველაზე მეტად მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველაზე მეტად მზად, როგორც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ისე დემოკრატიული სისტემის განვითარების თვალსაზრისით. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა მშვიდობის შენარჩუნება და აქაც შეგვიძლია მყარი პირობა დავდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი გაკეთდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად.
რა თქმა უნდა, გაღრმავდება ნატოსთან თანამშრომლობა, ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ეს ყველაფერიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვაზე. აქაც გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.