ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ამას ამ დღეებში, ამ კვირებში კიდევ უფრო ნათლად ვნახავთ - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ყველაფერი ნათელია, ჩვენი გზაც ძალიან ნათელია, არაფერი არ უნდა შეგვეშალოს, არ უნდა შეგვეშინდეს, წინ არის მშვიდობიანი გზა, ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ამას ამ დღეებში, ამ კვირებში კიდევ უფრო და უფრო ნათლად ვნახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ ყველას ესმის, რა ხდება დღეს საქართველოში, რას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება, როგორ უნდა, გააჩეროს ხალხის ხმა, ხალხის პროტესტი და გადააგოროს შექმნილი სიტუაცია.

„სტრასბურგიდან ღამე დავბრუნდი, სასაც ყველამ იცით უკვე, რომ მქონდა მიმართვა ევროპარლამენტის მიმართ და მინდა, გადმოგცეთ, რაც იყო ამ მიმართვის შედეგი, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის მიმართ ამ ევროპარლამენტარებისგან უდიდესი მხარდაჭერის გამოხატვა. ყველას კარგად ესმის, ბევრი ასახსნელიც არ არის. მე კი მაქვს ტენდენცია, რომ სულ ავხსნა და ავხსნა, მაგრამ ყველას ესმის, დღეს რა ხდება საქართველოში, რას ცდილობს ის არალეგიტიმური ხელისუფლება, რითაც უნდა, რომ გააჩეროს ხალხის ხმა, ხალხის პროტესტი და რაღაცნაირად გადააგოროს ეს სიტუაცია. ყველას ესმის, ახალი არჩევნები თუ არა, ხალხისთვის საშუალება თუ არა, რომ თავისი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში, უფრო ღრმა ჩიხში შევალთ. ამიტომ, ყველას აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში.

ევროკავშირს, ევროპულ საბჭოს ჰქონდა გუშინ და დღეს შეხვედრები, სადაც გადაწყდა ქართველ დიპლომატებზე ვიზა რესტრიქციების შემოტანა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ „ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის არჩევანს, გააჩეროს ევროპული მიმართულება, ევროპული გზა საქართველოსი. მშვიდობიან პროტესტს დაუპირისპირა ხელისუფლებამ პოლიციური ძალადობა. დღეს ჩვენ ვაწესებთ ვიზა შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი საქართველოს ლიდერების მიმართ, არის ძალიან მკაფიო -თქვენ ხალხს ნუღარ აშავებთ“. ეს არის ურსულა ფონ დერ ლაიენის ძალიან მკაცრი და ძალიან ნათელი გზავნილი. ასევე ძალიან მკაფიო გზავნილები არის სხვადასხვა ქვეყნისგან და ჩვენ ვიცით, აშშ-ის გადაწყვეტილება ახალი დასანქცირების ფორმით, რაც ეხება სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი ძალადობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამაზე დიდი მხარდაჭერა ხალხის და მოსახლეობის, რომელიც მშვიდობიანად თავის სათქმელს ამბობს თბილისის ქუჩებში, ამაზე დიდი მხარდაჭერა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციასთან, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან, კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია.

„მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი მხოლოდ ერთ რამეზე, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები და დაიცვას ადამიანების თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როცა, რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ძალადობა ხალხის მიმართ, მისი ყველა უფლებების შეზღუდვა. ამის გაპროტესტება და ამისი დაგმობა არის ალბათ პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის. სამაგიეროდ, მე ეს ძალიან ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას, მათი მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლებაა არ არის რაღაც კომისია დანიშნონ არავისგან არაღიარებული ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, რათა განიხილონ რუსული კანონი. რა რუსული კანონი, ვის რა აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არ შეცვლაა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში – ხან მიმაქვს უკან, ხან მომაქვს წინ და ისევ უკან მიმაქვს. მერე ახლა რაღაცას ფორმალურად შევცვლი და ამით ჰგონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ, შეიძლება, მოხიბლონ კიდეც. თუმცა ამით ვერ მოხიბლავენ ვერც ქართველ ხალხს, ვერც ჩვენს პარტნიორებს, რომელთაც კარგად ესმით დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა. შეიძლება, ვიღაცას ნაკლებად ესმის და აქ ჩამოსვლის მერე უფრო გაერკვევა იმ ტყუილებში, რომლებიც დღეს ახასიათებს ხელისუფლებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, პროვოკაციულია ის განცხადება, რომელიც აშშ-ის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთდა.

„აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე. ამის პასუხი იყო, რომ დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება, ღირსების ორდენით დავაჯილდოვეთ იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც არიან უშუალოდ პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და პირდაპირ ვიტყვი, მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაციული განცხადება. მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს და ეს არის შეურაცხყოფა იმ გენერალური მდივნის, რომელთანაც ახლა მქონდა საუბარი. მისი შეურაცხყოფაა, როცა ის შევიდა ვითომ რომ ჰგონია, კონსტრუქციულ დიალოგში, ამაში შეიყვანეს და მეორე წუთში აკეთებენ ასეთ პროვოკაციულ განცხადებას. ყველაფერი ნათელია, მგონი, ჩვენი გზაც ძალიან ნათელია. არაფერი არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა შეგვეშინდეს. მშვიდობიანი გზა წინ არის და ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ამას ვნახავთ ამ დღეებში, ამ კვირებში კიდევ უფრო და უფრო ნათლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.