ჩვენი პარტია ყოველთვის შორს იყო მსგავსი ქმედებებისგან, სიძულვილის ენისგან, სხვისი ლანძღვისგან - პარტია "გახარია საქართველოსთვის" გიორგი ჭანტურია

 გიორგი ჭანტურია

"ქვეყანაში ვინმე თუ სიძულვილის ენას ახალისებს, ეს არის თავად "ოცნება" - განაცხადა პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით, რომელიც საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

მისივე განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" ყოველთვის შორს იყო სიძულვილის ენისგან.

"უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში ვინმე თუ სიძულვილის ენას ახალისებს, ეს არის თავად "ოცნება". ჩვენი პარტია ყოველთვის შორს იყო მსგავსი ქმედებებისგან - სიძულვილის ენისგან, სხვისი ლანძღვისგან და ა.შ." - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ცნობისთვის, დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალმა სამმართველომ მუშაობა დაიწყო. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი უწყების მთავარი ფუნქცია იმ საჯარო განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა იქნება, რომლებიც ადამიანის ღირსებას ლახავს და კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს. ახალი სამმართველო თავად მოახდენს სამართალდამრღვევთა იდენტიფიცირებას, მოამზადებს მასალებს და საქმეებს განსახილველად სასამართლოს გადასცემს.