ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვლანძღავდნენ, უნდა ფიქრობდნენ, რომ თვითონაც იყვნენ ფორმაში, რადგან ჩვენ სწორედ რომ არჩევნებისთვის ვემზადებით - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც "გორბიმ" ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა. 22 ივნისიდან 5 ივლისამდე, პირისპირი ინტერვიუს პრინციპით, 2 300 პირი გამოიკითხა.

"გორბის" კვლევის მიხედვით, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? - გამოკითხულთა 56.2%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. 10.7% - "ლელო - ძლიერი საქართველო", 10% - "გახარია საქართველოსთვის", 9.5% - "კოალიცია - ცვლილებისთვის", 7.5% - "ნაციონალური მოძრაობა", 3.2% - "გირჩი", 1.8% - "პატრიოტთა ალიანსი".

"გორბის" კვლევის თანახმად, ოპოზიციაში ცვლილებები არის მხარდაჭერის მიმართულებით - ოპოზიციურ ფლანგზე პირველ ადგილს იკავებს "ლელო - ძლიერი საქართველო".

"მასეთ კვლევას ჩავატარებ დღეში 1 000-ს, თან საყურადღებო ერთი რამ არის - რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის და კითხვაც დასვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს ხვალო, ვის მისცემდით ხმასო. ეგ კვლევა მაგისია და ეგ თუ არ აწუხებთ და არ აწვალებთ, მაშინ მელანს რატომ ხარჯავდნენ ბოლო-ბოლო. ხარჯავდნენ იმიტომ, რომ ეს ფიქრები უტრიალებთ თავში. ამიტომ, ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვლანძღავდნენ, უნდა ფიქრობდნენ, რომ თვითონაც იყვნენ ფორმაში იმიტომ, რომ ჩვენ სწორედ რომ არჩევნებისთვის ვემზადებით“, - აცხადებს პარტიის ”მოქალაქეები” დამფუძნებელი, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.