1745863963
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში, საბოლოოდ, ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი ჩამოყალიბდეს“ - ირაკლი ქადაგიშვილი

„არ არის ერთპარტიულობა - ქვეყანაში არის მრავალპარტიულობა. ეს მრავალპარტიულობა გამოიხატება ბიზნესმენებშიც, მედიაშიც და უამრავ რამეში. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს მრავალპარტიულობა საქართველოში როგორ ვაქციოთ რეალურ მრავალპარტიულობად და არა ერთგვარ აგენტურულ, ძირგამომთხრელ პოლიტიკურ ტერორისტულ მოძრაობად. ეს არის საქართველოსთვის მთავარი. მრავალპარტიულობის გაუქმება კი არ არის ამოცანა, საქართველოს შიდა პოლიტიკური ამოცანა არის, რომ მრავალპარტიულობა გახდეს რეალურად მრავალპარტიულობა,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებაა.
„როგორ უნდა გახდეს - ასეთი ტიპის პოლიტიკურ იდეოლოგიას და პარტიებს საქართველოში პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს და ამას არამარტო სამართლებრივი შეფასება სჭირდება, ამას სჭირდება პოლიტიკური და მორალური შეფასება და გაცნობიერება საზოგადოების მხრიდანაც. ეს თუ არ გაკეთდა, ისე სულ, მუდამ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო რომელიღაცა პოლიტიკური პარტია თუ პარტიები იტყვიან, რომ არ მოგვწონს ეს არჩევნები და ვიწყებთ რევოლუციას. სულ, მუდმივად ვიქნებით არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა.
მუდმივად გამოჩნდება ან დასავლეთიდან, ან აღმოსავლეთიდან, ან ჩრდილოეთიდან, ან სამხრეთიდან პოლიტიკოსთა და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ხელს შეუწყობენ ამ ქვეყანაში არასტაბილურობას, რადგან ყველას ინტერესში შედის არასტაბილურობა ამ ქვეყანაში, რადგან ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, რომ ყველას უნდა, თვითონ აკონტროლებდეს ამ ქვეყანას. ეს უნდა დამთავრდეს. ეს თუ არ დამთავრდება, ბანანის რესპუბლიკა მეტს კი არაფერს არ ნიშნავს?
მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გაკოტრდება ეს პოლიტიკური მიდგომა. ასეთი პოლიტიკური მიდგომები უნდა გაკოტრდეს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში, საბოლოოდ, სწორედ ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი ჩამოყალიბდეს,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.