ჩვენ მოგვიწია ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის დაწყება ეროვნული ინტერესების და მშვიდობის დასაცავად, ეს იყო პოლიტიკური ბრძოლა დიპლომატიის ძალის გარეშე - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ 2022 წლის თებერვალში მოგვთხოვეს რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, არსებობდა ძალიან მძიმე პოლიტიკური ინტერესი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პანელის მოდერატორმა ლიდერებს ჰკითხა: მსურს, ლიდერებს ვთხოვო, რომ ძალიან მოკლედ გაგვიზიარონ პირადი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა როლი შეუძლია, ითამაშოს დიპლომატიამ თანამშრომლობის ხელშეწყობაში ამ ცვალებად სამყაროში. აქ იმდენი ახალგაზრდა დიპლომატი, პოლიტიკოსი და კანდიდატი გვყავს, რა უნარები და გამოცდილება სჭირდებათ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის სირთულეებში ეფექტურად ლავირებისთვის?

როგორც კობახიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ვითარებაში, როცა გარშემორტყმული ვართ სხვადასხვა ომებით, დიპლომატიის ძალა უკიდურესად სუსტია.

„საქართველოს საკუთარი სპეციფიკური გამოცდილების გათვალისწინებით, დიპლომატიის ძალაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა განვასხვაოთ მშვიდობის და ომის დრო. ეს ძალა სრულიად განსხვავებულია, როდესაც ვადარებთ მსოფლიოს განვითარების ორ განსხვავებულ გზას. ამჟამად, ჩვენ ომის დროს გვიწევს არსებობა. გარშემორტყმული ვართ სხვადასხვა ომებით და ამ სიტუაციაში ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიის ძალა მართლაც უკიდურესად სუსტია. 2022 წლის თებერვალში ჩვენ მოგვთხოვეს რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, კიდევ ერთი თხოვნა 2022 წლის თებერვლის ბოლოს მივიღეთ. არსებობდა ძალიან მძიმე პოლიტიკური ინტერესი საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში დიპლომატია ნამდვილად არ იყო სასარგებლო. ჩვენ მოგვიწია ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის დაწყება საქართველოს ეროვნული ინტერესების და საქართველოში მშვიდობის დასაცავად. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ჩვენ ვაწყდებით ამ გამოწვევებს. ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ბრძოლაზე ჩვენი ერის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ვიდრე სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიურ ინსტრუმენტების გამოყენებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩები ყოველგვარი პრაქტიკული სამუშაოს გარეშე არიან.

„შემიძლია გითხრათ, რომ არის კიდეც რამდენიმე კონკრეტული ქვეყანა, სადაც საქართველოს ელჩები დარჩენილი არიან ყოველგვარი პრაქტიკული სამუშაოს გარეშე, რადგან ამ ეტაპზე უბრალოდ შეუძლებელია კონკრეტულ ქვეყნებთან საქმის წარმოება. ისინი საკმაოდ ხშირად გვიჩივიან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, რომ უნდა დაველოდოთ მშვიდობის დამყარებას. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია გაიმარჯვებს. ამჟამად პოლიტიკური ინტერესები აღემატება დიპლომატიის ძალას და როგორც კი მშვიდობა აღდგება, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, დიპლომატია პოლიტიკას ჩაანაცვლებს. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ერების ინტერესების დასაცავად, ვიდრე უბრალოდ უხეში პოლიტიკური ინტერესების მიყოლა. ასე რომ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით მშვიდობის დროს, როდესაც დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“, – განაცხადა კობახიძემ.