საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

პაატა სალია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესაბამისობას გაეროს პრიორიტეტებთან და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგთან. იუსტიციის მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს დეტალურად გააცნო იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე სისტემური რეფორმები.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სამართლის უზენაესობის განმტკიცება, მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ხელშეწყობა და ციფრული მმართველობის განვითარება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინოვაციების მნიშვნელობაზეც, რომლებიც დიდ როლს ასრულებს საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მისი თქმით, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და საქართველოს რეფორმები სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. პაატა სალიამ გაი რაიდერი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 23-25 ივნისს გაიმართება. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. საქართველოს დელეგაცია აშშ-ში გაეროს ორგანიზებით მიმდინარე ექსპერტთა კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.