ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა ტყუილი - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებაზე შეფასებები გრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკომისიის ოფიციალურმა წერილმა წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ცრუ კამპანიას.

დოკუმენტმა დაადასტურა ყველა იმ ბრალდების აბსურდულობა, რომელიც მანამდე, მათ შორის, გერმანიის ელჩის მხრიდან ისმოდა. უმრავლესობას აინტერესებს, აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას გერმანელი დიპლომატი, რომელიც მტკიცებულებებზეც საუბრობდა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც მორიგ ჯერზე აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება პირნათელია სანქციებთან მიმართებაში.

"ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში, თითქოს საქართველო გამოიყენებოდა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემაში და მსგავსი სისულელეები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა ტყუილი, როდესაც ჩვენი ძალისხმევით ჩამობრძანდნენ ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციების კოორდინატორები და დაადასტურეს, რომ საქართველო ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს ამ მიმართულებითაც. ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში, უკვე ჩაერთო ამ დეზინფორმაციის კამპანიაში გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი, იგი ირწმუნებოდა, რომ მტკიცებულებები არსებობს და ყულევის პორტი უნდა დასანქცირებულიყო. თურმე, ამ შემთხვევაშიც მორიგ ჯერზე აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლება პირნათელია სანქციებთან მიმართებაში. როდესაც ჩვენ ვალდებულები არ ვართ, ეს არის მხოლოდ ჩვენი კეთილი ნება, თუმცა, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ყველაზე სანდო პარტნიორი ამ მიმართულებითაც", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიაში არ შევა. შესაბამისი ოფიციალური წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.