1738924285
ჩვენ არც მაშინ დაგვიწერია ეს განცხადება და დღეს რა შეიცვალა? - ბექა ლილუაშვილი პარლამენტში მანდატების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ
![ბექა ლილუაშვილი ბექა ლილუაშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2024/04/04/83923/beqa-liluashvili_w_h.jpeg)
წარადგენს თუ არა გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტში მანდატების შეწყვეტის ოფიციალურ მოთხოვნას? მას შემდეგ, რაც სამი ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდათ, ახლა კითხვების მთავარი ადრესატი სწორედ პარტია "საქართველოსთვის" არის.
გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტია უნდობლობას უცხადებს პარლამენტს და იქ მუშაობაზე უარს ამბობს. ამასთან, მისი თქმით, თუ შესაბამისი წერილით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს პარლამენტის ერთგვარი აღიარება იქნება.
"ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით. არანაირი ლეგიტიმაცია ჩვენი მხრიდან პარლამენტს არ ექნება, მათ შორის, არც იმ ნაწილში, რომელშიც შეიძლება ამ ლეგიტიმაციის გარკვეულწილად აღიარება გამოხატული იყოს, თუნდაც პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის მისამართით ჩვენი მიმართვის გაფორმებით. ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, კითხეთ, როდესაც თავად წერდნენ ამ მიმართვებს პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის სახელზე მანდატების შეწყვეტაზე, რა მოლოდინი ჰქონდათ? არ ელოდნენ, რომ მანდატებს შეუწყვეტდნენ თუ ეს ისტერიკა საიდან წამოვიდა? როცა დაწერეს განცხადება, იმ მომენტთან შედარებით რა შეიცვალა დღეს? ჩვენ არც მაშინ დაგვიწერია ეს განცხადება და დღეს რა შეიცვალა?" - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
გახარიას გუნდმა არჩევნებზე 12 მანდატი მოიპოვა, თუმცა არ ცნობს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მანდატების შეჩერებას ითხოვს.