ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკური სვავები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ეძებენ ტრაგედიებს და ამ ტრაგედიებზე ცდილობენ თავიანთი ანგაჟირებული პოლიტიკის აწყობას - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ მთელ საქართველოს, განსაკუთრებით ოჯახს და ახლობლებს ის უდიდესი ტრაგედია, რაც თავს დაატყდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოჯახს. ეს ტრაგედია ენით აღუწერელია, მხოლოდ ნუგეში შეგვიძლია, რომ ვუთხრათ და გამაგრება ამ ჭირსა და უბედურებაში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკური სვავები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ეძებენ ტრაგედიებს და ამ ტრაგედიებზე ცდილობენ თავიანთი ანგაჟირებული პოლიტიკის აწყობას.

ამაზე მეტად ამორალური რა შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო. ადამიანობა აღარ დაგვრჩა საერთოდ? რა დაგვემართა, სად მივედით, ან ვინ დაგვმართა. სულ ვამბობთ ხოლმე რომ არაფერი აღარ გაგვაკვირვებს, მაგრამ ეს ადამიანები იქამდე არიან დაშვებულები, რომ ისევ და ისევ გვაკვირვებენ ფსკერზე ჩასვლით და ფსკერის გახვრეტით, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ხოლმე, მათ შორის ამ ტრაგედიის გამოყენებისას“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სოფელ საბერიოში ხანძარს გუშინ ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ისინი ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.