ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, ხომ არ აქვს  ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან - ირაკლი კობახიძე 

კობახიძე

„ორშაბათს ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამავდროულად მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი, არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს?“ - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები  არსებობს,  ხომ არ აქვს  ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან.

„ძალიან საინტერესოა, ორშაბათს ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამავდროულად მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი, არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს? წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს რუსეთიდან რომ ჩარიცხოდა მილიონობით რუბლი ამ ომის პერიოდში, მე რომ ჩამრიცხოდა რაღაც და შეიძლება მეც მყავდეს ბაბუა შემოქმედი რაღაც ჰონორარებით. წარმოიდგინეთ, რომ მე მილიონობით რუბლი მერიცხება და არაფერს ვამბობ, ამ დროს მეორე მხრივ ვამტკიცებ, რომ ყველაფერ რუსულზე მაკანკალებს. კითხვები ხომ გაგიჩნდებოდათ? ამიტომ მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები  არსებობს, ხომ არ აქვს მაგალითად ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან. საინტერესოა. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ცალსახად ორმაგი სტანდარტია, იქ აკანკალებს ყველაფერ რუსულზე და აქეთ იღებს რუსულ ფულს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
მისივე თქმით, როდესაც ერთი ადამიანი, რომელიც არის სიყალბე თავისი არსით, იმიტომ, რომ გეუბნება, რომ ყველაფერი რუსული მისთვის გულის ამრევია, თან  რუსულ ფულს, მილიონობით რუბლს იღებს, მეორე მხრივ, 20 ივნისის აქციის მთავარი ორგანიზატორია,  არის რბილი ძალის რისკი, რაც ცნობილი პრობლემაა არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან დიდ ქვეყნებშიც.

„უნდა დაინტერესდეს ალბათ ვიღაც, მაინც და მაინც გამოძიებაზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება ჟურნალისტური გამოძიება წარიმართოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია ამ მილიონობით რუბლსა და 20 ივნისის აქციას შორის, რომელსაც აწყობს ელენე ხოშტარია, ან პოზნერს რომ მიუვარდა და რისკები რომ შექმნა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული, 20 ივნისს რასაც აკეთებდა თავის დროზე, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული. ჩემი უფლება არ არის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საგამოძიებო ორგანოებს მივმართო, იქნებ ჟურნალისტები და პოლიტიკსები დაინტერესდნენ, ჩასაძიებელი ყველა შემთხვევაშია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.