პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა.
მუმლაძემ ისაუბრა საკუთარ ხედვაზე, რა შეიცვლება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.
გიორგი მუმლაძის განმარტებით, პარტია უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული, ეფექტიანი და აქტიური ქართულ პოლიტიკაში.
„19 წლის წინ აქ საქართველოს ბედი გადაწყდა და, მიხელ სააკშვილის თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ეს გზა უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ, საქართველოში უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ამიტომ ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი რუსულ რეჟიმთან ბრძოლის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს ეფექტური და აქტიური პოლიტიკაში. მთავარი, ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში აუცილებლად დაიწყება მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, ეს იქნება რუსი ოლიგარქის იძულების კამპანია, რომელიც გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით. საპროტესტო აქციები დაიწყება და გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის სახლებთან და „ქართული ოცნების“ ოფისებთან, რაც, საბოლოო ჯამში, აქ, რუსთაველზე ძალიან დიდ პროტესტს მოიტანს და ამ პროტესტით დასრულდება რუსული რეჟიმი.
რაც შეეხება გეგმას, როგორ უნდა გახდეს პარტია ძლიერი და სახალხო, პირველ რიგში, ეს პარტია უნდა გახდეს აქტიური მხარდამჭერების კუთვნილება. ამისთვის შეიქმნება სრულყოფილი ელექტრონული ბაზა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის, ყველა აქტიური მხარდამჭერი ჩაერთოს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში ძალიან ეფექტურად და გადაწყვეტილებებში მიიღოს მონაწილეობა შიდა რეფერენდუმების მეშვეობით, მიღებული გადაწყვეტილება კი შესრულდეს; მეორე, პარტიაში დაინერგება ფინანსური გამჭვირვალობის ახალი მოდელი. ყოველ სამ თვეში პარტია წარმოადგენს ფინანსურ ანგარიშს. ეს იქნება ელექტრონული ანგარიში, რომელზეც ხელი მიუწვდება თითოეულ ადამიანს.
წარმოდგენილი იქნება, სად იხარჯება თითოეული თეთრი, წარმოდგენილი იქნება ელექტრონული ყულაბა, კალკულატორი, სადაც ყოველდღიურად ნახავ, რა ფინანსები აქვს პარტიას, რა და როგორ იხარჯება. პარტიაში უნდა დაინერგოს შიდა დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, ყველა თანამდებობა იქნება არჩევითი, ისევე როგორც ჩვენ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს. პირობითად, ამ მეთოდით ავირჩევთ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს წევრებს და ა.შ. ამასთანავე, მთავარი ორგანო გახდება პოლიტსაბჭო, რომელშიც ინტეგრირდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც საუკეთესო შედეგს დებენ მთელი ქვეყნის მაშტაბით.
ყველა დიდ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ემიგრანტების კონცენტრაციაა, გაიხსნება ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლობები. მთავარი ფუნქცია იქნება ემიგრანტების პრობლემებზე მუშაობა და პარტიის პოპულარიზაცია. თითოეულ ასეთ წარმომადგენლობას პარტიის პოლიტსაბჭოში ეყოლება თავისი წარმომადგენელი, რაც ემიგრანტებს საშუალებას მისცემს, აქტიურად იყვნენ ჩართული პარტიის საქმიანობაში ელექტრონულად და დიდი ფუნქცია შეასრულონ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესში. მთავარი, რასაც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შეიქმნას დარგობრივი დეპარტამენტები, ჩრდილოვანი კაბინეტის პრინციპით, როგორც მთავრობა იმართება დღეს, ამ მოდელით უნდა შეიქმნას დეპარტამენტები. გვეყოლება ხელმძღვანელები და თითოეული დეპარტამენტი იმუშავებს ზუსტად ისე, როგორც მთავრობას ეკადრება საქმიანობა, პრობლემების გადაჭრა და, ზოგადად, ჩვენ გვექნება საშუალება, შევთავაზოთ ჩვენი ალტერნატივა.
ეს არის ხუთი ძირითადი ბერკეტი, რომლითაც პარტია გახდება უფრო გამჭვირვალე, უფრო მოქნილი და, რაც მთავარია, ჩვენ გვეყოლებიან ძალიან კვალიფიციური კადრები, რადგან უკვე დარგობრივ დეპარტამენტებში მათ ექნებათ ცოდნა, გამოცდილება და როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, ეს ხალხი აღარ გვეყოლება საძებნი. ეს არის ხუთი ძირითადი ბერკეტი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გახდება უფრო დემოკრატიული, გაიხსნება კარი ახალგაზრდებისთვის და გახდება რეალურად მთავარი კონკურენტი რუსული რეჟიმის დამარცხებაში“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ პარლამენტთან