ჩანაწერი ვანო მერაბიშვილისა და მისი მეგობრების მიერ არის გავრცელებული - ნიკა მელია

მელია

„ეს ჩანაწერი არის ძველი, არის დაჩეხილი და დამონტაჟებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილისა და მისი მეგობრების მიერ არის გავრცელებული“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

„ვიცი კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ ჩანაწერით თავს იწონებდა და თვე-ნახევრის განმავლობაში ხალხს ასმენინებდა. მე არ მინდა ვიხილო მომდევნო საპარლამენტო შემადგენლობაში ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ფარული ჩანაწერით პოლიტიკური გავლენის მოპოვება სცადონ. ადამიანი, ვინც კადრულობს, რომ დაჩეხილი, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერებით გავლენა მოიპოვოს და ხალხს ასმენინოს, საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა იყოს. მე ვიცი კონკრეტული ადამიანები, ვინც ეს აკეთა, არ ვმალავ, რადგან რაც არ უნდა მტკივნეული იყოს სიმართლე, ეს არის ჩემი მთავარი იარაღი. მე ვსაუბრობ გვარების დასახელების გარეშე, მაგრამ რამდენიმე ადამიანი დღესაც არის პარლამენტში“, - განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში. 

შეგახსენებთ, იანვარში სოციალურ ქსელში ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ნიკა მელია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა.