ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით, სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა.

მინისტრებმა რუსეთისთვის სანქციების მე-16-ე პაკეტი დაამტკიცეს. დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის საქართველო არ არის, თუმცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპელ დიპლომატებთან განიხილავს.

"ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, იქ განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას", - ამბობს კაია კალასი.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი ამბობს, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.

"ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან, არჩევნებამდე და მის პერიოდში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ასე გააგრძელებს," - აცხადებს კასპარ ველდკამპი.