ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ ამდენი წელი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის მიუხედავად, ვერ მიხვდნენ, რომ მისთვის არ არსებობს საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე ღირებული

ვლადიმერ ბოჟაძე

ეს ადამიანი ისჯება ერთადერთი მიზეზის გმო, რომ ის საკუთარი ხალხის, ქვეყნის ინტერესებს იცავს, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე ადვოკატ ლაშა კალანდაძის ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიული ბანკის "Julius Baer"-ის წინააღმდეგ.

უმრავლესობის წევრის თქმით, მმართველი გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილი პატრიოტიზმისა და გამძლეობის მაგალითია და ამ ფონზე, მათ სანქციები იქნება ეს თუ მუქარები, არათუ აშინებთ, დამატებით მოტივაციასაც აძლევთ, რომ სამშობლოს უფრო ღირსეულად ემსახურონ.

„სამწუხაროა, რომ ამდენი წელია ადამიანზე ზეწოლის მიუხედავად, ვერ მიხვდნენ, რომ მისთვის არ არსებობს საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე ღირებული. როდესაც ჩვენ ასეთი ნათელი მაგალითი გვაქვს გამძლეობის, საკუთარი სამშობლოს სიყვარულის, ჩვენთვისაც ნებისმიერი სანქცია, მუქარა, რეზოლუცია, პირიქით შეიძლება დამატებითი მოტივაციაც იყოს, რომ უფრო ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, - აცხადებს ბოჟაძე.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიული ბანკის "Julius Baer"-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.