ბოლო პერიოდში საქართველოს შესახებ განსაკუთრებით ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია. ამასთან საბრძოლველად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი პირველი პირებისგან ინფორმაციის მიწოდებაა - ეკა სეფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის იტალიაში ვიზიტზე

ეკა სეფაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით იტალიაშია. შალვა პაპუაშვილი რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე. ასევე მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები. სპიკერი იტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

პარტიის "ხალხის ძალა" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ საქართელოზე ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია და ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სწორედ ქვეყნის პირველი პირების მხრიდან ინფორმაციის მიწოდებაა.

"ბოლო პერიოდში საქართველოს შესახებ განსაკუთრებით ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია. ამასთან საბრძოლველად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი პირველი პირებისგან ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა.

შეხვედრებზე ხაზი გაესმება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რაც რეგიონში დამატებით საფრთხეებს ქმნის და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

ასევე, ყურადღება გამახვილდება საქართველოს გლობალურ როლზე სატრანსპორტო დერეფნის, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერების მიმართულებით,"- აცხადებს ეკა სეფაშვილი. 

✕