ბევრს ვიმუშავებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომ საქართველოს არ გაუუქმონ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, მაგრამ, საპირწონედ დაასანქცირონ კონკრეტული ადამიანები - გიორგი გახარია

გახარია

ბრიუსელში გაგზავნილი წერილის გამო, ოპოზიციურ პარტიებს "ქართული ოცნება" ისევ მწვავედ აკრიტიკებს - მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემ ფაქტს ჯაშუშობის მტკიცებულება უწოდა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერმა ლიდერებმა, ევროკავშირისგან საკუთარი ქვეყნის დასჯა მოითხოვეს. შეფასებებში ცალსახად არ ეთანხმება "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია, სადაც განმარტავენ, რომ ევროკავშირის ლიდერებს ინფორმაცია ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე მიაწოდეს და მიზანი სწორედ ქვეყნის ინტერესების დაცვა იყო.

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმუშავებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეს, თუმცა საპირწონედ კონკრეტული ადამიანების სანქცირებას ითხოვენ.

"ჩვენ ვარწმუნებთ და ბევრს ვიმუშავებთ კიდევ ამაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომ საქართველოს არ გაუუქმონ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. მაგრამ, საპირწონედ, თუ რაიმე ნაბიჯები უნდა გადადგან, დაასანქცირონ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში და არჩევნების გაყალბებაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

არჩევნების საგამოძიებო მისია, ხელისუფლებასთან ყველა დონეზე კომუნიკაციის შეწყვეტა, მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება - ამ მოთხოვნებით ერთობლივი წერილი ოთხმა პარტიამ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს.