1735251690
ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს.
“მინდა, ყველას მოგილოცოთ ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნა. ეს გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილი და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის.
ბათუმი არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ინვესტიციების საუკეთესო ადგილად ევროპაში; ეს არის ოთხი სეზონის ქალაქი და მიღებული აქვს ტურიზმის „ოსკარიც“. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქი მუდმივად ვითარდება და ამას ხელს უწყობს სახელმწიფო სწორი გეგმით და ეს ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ყველაფრის მორიგი მაგალითია ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რომელიც დღეს გაიუხსნება.
ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში, თუმცა სატრანსპორტო კვანძებით უკავშირდება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე ბათუმის სხვადასხვა უბანს. ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს, რითაც ქალაქი მნიშვნელოვნად განიტვირთება, გაუმჯობესდება ბათუმში ცხოვრებისა და დასვენების პირობები, გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ყველა თვალსაზრისით ამ შემოვლით მაგისტრალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის, რეგიონის და ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.