„ბატონი ხაზარაძე ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის დაკავებული, ამაზე ზნედაცემული და სულმდაბალი საქციელი უბრალოდ არ არსებობს“- არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს მიმართავს და მოუწოდებს, არ დაემორჩილოს ახალ პრეზიდენტს. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს:

"მივმართავ ქართულ ჯარს - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოსა და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს!" - წერს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის განცხადებას მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს.

"ხაზარაძე რასაც კადრულობს, ეს პირდაპირ ქვეყნის ინტერესებისა და ქართველი ხალხის საწინააღმდეგო განცხადებაა, როდესაც ადამიანი მოუწოდებს ქართველ ჯარს, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პატივსაცემ ინსტიტუციას, და ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ამ ჯარმა არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზე ზნედაცემული საქციელი უბრალოდ არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ბატონი ხაზარაძე, ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის დაკავებული და ახლა მიღებული აქვთ დავალება თავიანთი პატრონებისგან, რომ მათ შორის ჯარსაც კი მოუწოდონ, რომ არ დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს. ამაზე სულმდაბალ საქციელს ალბათ ვერავინ მოიფიქრებს დედამიწის ზურგზე“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.