ბაქოში, მსოფლიოს ურბანული ფორუმი შეიკრიბა მზარდი გლობალური კრიზისის, მათ შორის კონფლიქტების, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასებისა და სურსათის საფასურის გაძვირების პერსპექტივის ფონზე - ანტონიო გუტიერეში

ანტონიო გუტიერეში

საცხოვრისი არის ადამიანის უფლება და ის ფუნდამენტურია ადამიანური ღირსებისთვის, - ამის შესახებ ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ურბანული ფორუმი გლობალური კრიზისების ფონზე იმართება, მათ შორის - კონფლიქტების, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასებისა და სურსათის გაძვირების პირობებში.

როგორც ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გლობალურ საბინაო კრიზისს, რომლის შედეგადაც მილიარდობით ადამიანი არაადეკვატურ პირობებში ცხოვრობს. მისი განცხადებით, ახალი ურბანული დღის წესრიგის განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან საცხოვრებელი გარემო ადამიანის ღირსებასთან პირდაპირ კავშირშია.

"ბაქოში, მსოფლიოს ურბანული ფორუმი შეიკრიბა მზარდი გლობალური კრიზისის, მათ შორის კონფლიქტების, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების და სურსათის საფასურის გაძვირების პერსპექტივის ფონზე. დღევანდელი დღის წესრიგი ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევაზე, რომელზეც ნაკლებად ვსაუბრობთ. ეს არის გლობალური საბინაო კრიზისი. თითქმის 3 მილიარდამდე ადამიანი, არაადეკვატურ პირობებში ცხოვრობს, ხშირად, ისინი ცხოვრობენ არაფორმალურ დასახლებებსა თუ ბარაკებში.

მივესალმები, ახალი ურბანული დღის წესრიგის განხილვას. საცხოვრისი არის ადამიანის უფლება და ის ფუნდამენტურია ადამიანური ღირსებისთვის", - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო ანტონიო გუტიერეში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მონაწილეობს. ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი დახვდა.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.