"ბანკი ქართუ" არ არის კერძო პირების საკუთრება, ეს არის საქველმოქმედო "ფონდის ქართუს" საკუთრება და მოგება მთლიანად იხარჯება საქველმოქმედო საქმიანობაში - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ბანკი "ქართუს" მიერ "TV პირველის" წინააღმდეგ წამოწყებულ სამართლებრივ დავას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ "ბანკი ქართუს" მოგება საქველმოქმედო საქმიანობაში იხარჯება, ხოლო ოპოზიციის მცდელობა, რომ "ქართუს" წინააღმდეგ მავნებლური კამპანია აწარმოონ, უბადრუკი მცდელობაა.

"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ "ბანკი ქართუ" არ არის კერძო პირების საკუთრება, ეს არის საქველმოქმედო "ფონდის ქართუს" საკუთრება და მოგება მთლიანად იხარჯება საქველმოქმედო საქმიანობაში.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და მათ პროპაგანდისტულს მედია საშუალებებს, როგორც ჩანს, მათ ორგანულად სძულთ ქველმოქმედება. ეს არ გვიკვირს, ვინაიდან ეს ადამიანები ყოველთვის კრიმინალის, ცილისწამების მხარეს დგანან-ხოლმე და ეს მავნებლური კამპანიაც ამის შედეგია, ამ საქმის პოლიტიზება, მათი მხრიდან კიდევ ერთხელ, აჩვენებს მათ უბადრუკობას და იმას, რომ ეს ადამიანები და ორგანიზაციები ვერ იტანენ ვერაფერ კარგს, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.