1780555563
ავთანდილ ცინცაძე: „ფორუმის მიმდინარეობისას ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის“
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა გარემო, სადაც ბიზნესი თავისუფალი განვითარების პირობებში საქმიანობს. კერძო სექტორს აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ცინცაძემ მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის სესიაზე -“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში” სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ბიზნესის როლი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში. მისივე თქმით, უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის წარმატება უფრო ფართო საზოგადოებრივ სარგებლად გარდაიქმნას და ამ გზაზე რამდენად მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.
„ის, რომ კერძო სექტორი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად ოპერირებს ქმნის არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველს, არამედ ბიზნესს აძლევს საშუალებას უფრო აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნის პროცესში.
შედეგებიც თვალსაჩინოა: ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე 14,9%-მდე შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიზნესის ვალდებულება არ არის. ეს არის სახელმწიფოს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა, საერთო პასუხისმგებლობა და საერთო მიზანი. სწორედ ამიტომ, ფორუმის მიმდინარეობისას ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის; რა ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს და რაც მთავარია, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის შედეგები თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტად ხელშესახები იყოს „- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.











