აშშ-ში ვიზიტისას მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან ერთად, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა.

შეხვედრა აშშ-ში პირველი ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

როგორც შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანკი საქართველოს განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა. მისი თქმით, ურთიერთობის არსებულ ეტაპზე მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს თანამშრომლობა ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ელექტროსისტემასთან დააკავშირებს, აგრეთვე ინტერნეტიზაციის პროგრამაზე საქართველოს მასშტაბით, რასაც გააჩნია ქვეყნის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით ტრანსფორმაციული ეფექტი. ჩვენ მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და, ზოგადად, პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტზე, რაც საქართველოს, ზოგადად, კომპეტენციების ზრდაში დაეხმარება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში, მათ სარგებლიანობასა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა იმ დიდ როლს, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, პოსტპანდემიური პერიოდიდან ზრდის ორნიშნა ტემპს აჩვენებს და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა მომდევნო წლებში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც სრულად უნდა იყოს თანხვედრაში საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.