1770671781
აშშ-ში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები - ნინო წილოსანი
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, წინა ადმინისტრაციის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებები გააზრებული იქნა ახალი მმართველობის პირობებში.
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი შტატების სახელმწიფო მდივანს და ვიცე- პრეზიდენტს, მილანში, ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო მდივანმა საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ და უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება ურთიერთობების აღსადგენად.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. უპირველეს ყოვლისა, მივესალმებით იმას, რომ რაღაც ფორმით გაანალიზებული იქნა ის პრობლემები, რომლებიც წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით არსებობდა; ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით იღებდა და ეს მკაფიოდ იქნა აღნიშნული მარკო რუბიოს მხრიდან, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ უკვე დაიწყო პროცესი იმ წინა ცუდი გამოცდილების გადააზრების", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.











