ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს
1738839489
დღეს გვაქვს მაგალითი, ანალოგი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც საუკეთესოდ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს გარე ჩარევებისგან. ამიტომ შესაძლებელია, ჩვენ დავიწყოთ ამ მიმართულებით ფიქრი, რომ იგივე ანალოგით მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ცვლილება, თუ განახლება, როდესაც ვსაუბრობთ უცხოური გავლენებისგან საკუთარი ინტერესების დაცვაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.
„ის პროცესი, რაც ვნახეთ, რაც თან ახლდა გამჭვირვალობის კანონის მიღებას გასულ წელს, აბსოლუტურად მიუღებელი და დამაზიანებელი იყო. კანონი, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ შარშან, სწორედ მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, იყოს გამჭვირვალე ის პროცესები, რასაც ჰქვია უცხოეთიდან ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსება.
როგორც ვხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ხდებოდა და ხდება არასწორი ინტერპრეტაციები, მათ შორის ამ კანონზე მოხდა მიკერება და ე.წ. რუსულ კანონად იქნა წოდებული, თუმცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სხვა საკითხებზე. საკითხებზე, რომლებიც ეხება სწორედ ამ კანონის და გამჭვირვალობის უფრო ეფექტიანად მოქმედებას, ამ შემთხვევაში, იმისათვის, რომ აღარ იყოს რაიმე სპეკულაციები ამ კანონის სხვა კუთვნილებასთან.
დღეს ჩვენ გვაქვს მაგალითი, ანალოგი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც, შეიძლება ითქვას, საუკეთესოდ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს სწორედ გარე ჩარევებისგან. ამიტომ შესაძლებელია, ჩვენ დავიწყოთ ამ მიმართულებით ფიქრი, რომ იგივე ანალოგით მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ცვლილება, თუ განახლება, როდესაც ვსაუბრობთ უცხოური გავლენებისგან საკუთარი ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. მამუკა მდინარაძის თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც ამოქმედებულა. მდინარაძის განმარტებით, მის ნაცვლად მიღებული იქნება ახალი, ამერიკული კანონი, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფილი იქნება მისი სრულფასოვანი ამოქმედება. მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ, პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. მამუკა მდინარაძემ ამავდროულად განმარტა, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის მიღების შემდეგ გამჭირვალობის კანონი გაუქმდება.