აშკარაა, რომ ეს იყო ცილისწამება. საქართველოს სახელმწიფოს არასოდეს არ ჰქონია მფლობელობაში ის ნივთიერება, რომლის გამოყენებასაც ხელისუფლებას აბრალებდნენ - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

"ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას იმისთვის, რომ გაირკვეს სიმართლე და მათ მოუხადონ ბოდიში ქართულ საზოგადოებას" - ასე ეხმაურება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. საგამოძიებო ფილმს.

მმართველი პარტია ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ცილისმწამებლური მასალისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის გამო უჩივის.

"ის ბინძური კამპანია და ის ცილისწამება, რომელიც ამ რეპორტაჟში მოვისმინეთ ქართული სახელმწიფოს მიმართ, არის დაუშვებელი და ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას იმისთვის, რომ გაირკვეს სიმართლე და მათ მოუხადონ ბოდიში ქართულ საზოგადოებას. აშკარა იყო, რომ ეს იყო ცილისწამება. საქართველოს სახელმწიფოს არასოდეს არ ჰქონია მფლობელობაში ის ნივთიერება, რა ნივთიერების გამოყენებასაც ხელისუფლებას აბრალებდნენ. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება და აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ აღნიშნული რეპორტაჟი წარმოადგენდა პროვოკაციას და ეს იყო წმინდა წყლის საინფორმაციო დივერსია და შესაბამისად, ამას გაეცემა სამართლებრივ დონეზე ადეკვატური პასუხი," - აცხადებს გიორგი გაბუნია.

"ქართული ოცნება" - BBC-ის წინააღმდეგ - პროცესი დაწყებულია. ამ ეტაპზე, საჩივარი უშუალოდ ბრიტანეთის მაუწყებელშია შესული. იმ შემთხვევაში, თუ BBC საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის, პროცესი გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების კომისიაში, შემდეგ ადგილობრივ სასამართლოსა და, არ არის გამორიცხული, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაგრძელდეს.

"ქართული ოცნება" BBC-სგან დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური რეპორტაჟის ყველა პლატფორმიდან აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. მმართველი გუნდი ეჭვობს, რომ BBC-ის მიერ მომზადებული ე.წ. საგამოძიებო ფილმი პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც იყო.