1745959161
არტურ გებალი - ევროკავშირის კარი ღიაა და პოლონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხარესაა, შეასრულოს ყველა აუცილებელი პირობა

ევროკავშირის კარი ღიაა და პოლონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხარესა, შეასრულოს ყველა აუცილებელი პირობა, – ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტობა ძალიან მეგობრულია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ.
„პოლონეთი პირველ იანვარს გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვამაყობთ ევროკავშირის წევრობით, ვამაყობთ ამ ექვსთვიანი თავმჯდომარეობით, ამიტომ დღევანდელი კონფერენცია დაკავშირებულია ჩვენს პრეზიდენტობასთან, ამბიციებთან, პრიორიტეტებთან და რამდენად არის ეს დაკავშირებული საქართველოსთან. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტობა ძალიან მეგობრულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ. პოლონეთის პრეზიდენტობის ეს ექვსი თვე და მომავალი თვეები და წლები არაჩვეულებრივი მომენტია გაფართოებისთვის და ევროკავშირში წარმატებით წინ წაწევის მცდელობისთვის, როგორც ჩვენ ეს 20 წლის წინ გავაკეთეთ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია პოლონეთის პოზიცია დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის სავიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, საელჩოს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ პოლონეთმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
„მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა არსებული გარემოებების გათვალისწინებით. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია. როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, გარკვეული როლი გვაქვს, ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ევროკავშირის ქმედებებს, მაგრამ მე არ ვიცი დამატებითი ნაბიჯების შესახებ. თუმცა დისკუსიები ევროკავშირში გრძელდება, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ სიტუაციაში.
ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლონეთმა, ვაიმარის კოლეგებთან ერთად, გასული წლის ბოლო დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც ძალიან მართებულია. ამ განცხადებაში ჩვენ გამოვთქვამთ წუხილს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ რეპრესიებს და ვაგრძელებთ ამის გაკეთებას. ვიმეორებთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვუცხადებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას დემოკრატიის, ევროკავშირის ღირებულებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ბრძოლის კუთხით, თუ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გებალმა.
არტურ გებალმა განაცხადა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ისტორიული მომენტია.
საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას პოლონეთის პრეზიდენტობის დროს აქვთ შესანიშნავი მომენტი, ხელახლა და სრულად ჩაერთონ ევროკავშირში. გვაქვს გარკვეული ინსტრუმენტები გაფართოების პოლიტიკაში. ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაფართოების მთავარ სამუშაო ჯგუფს და გაფართოების კუთხით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, გვაქვს ამბიციები. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა და ეს იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს. თქვენ იცით, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ზოგიერთ ქვეყანას, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ასე რომ, გზა ნათელია, კარი ღიაა და პოლონეთი ძალიან მეგობრულია და მხარს უჭერს გაფართოების პროცესს. ჩვენ თავად კარგად გვახსოვს გაფართოება, როდესაც შევუერთდით ევროკავშირს 20 წლის წინ. ამიტომ, ვართ ძალიან ამბიციურები და მხარდამჭერები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმართ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის საქართველოს მხარეს, საქართველოს ხელისუფლების მხარეს, რომ ჩაერთოს ყველა აუცილებელი პირობისა და ნაბიჯების შესასრულებლად.
ეს საკითხი, სხვათა შორის ჩვენს ქვეყანასაც ჰქონდა. ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესი გვქონდა ევროკავშირთან დასაახლოებლად. ჩვენი მოლაპარაკებები თითქმის თოთხმეტი წელი გაგრძელდა და ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა, ყველა ის მოლოდინი და წარმატებით შევუერთდით ევროკავშირს. გარდა ამისა, ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ევროკავშირში ყოფნის 20 წელს თავმჯდომარე ქვეყნად ყოფნით. მე მოვიყვანე რამდენიმე მაგალითს კონფერენციაზე, თუ რამდენად განვითარდა პოლონეთი ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. საქართველოსთვის ევროკავშირში წინ წაწევის კუთხით, ეს არის ისტორიული და უპრეცედენტო მომენტი, ძნელი წარმოსადგენია უკეთესი პირობები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ვიდრე ეს პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შეიძლება იყოს“, – განაცხადა გებალმა.