არჩილ გორდულაძე ზვიად კუპრავას დაკავების საქმეზე: კარგად დაიმახსოვროს ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ დანაშაული ჩაიდინოს, მათ მიმართ კანონის სრული სიმკაცრით ყველა ღონისძიება გატარდება

არჩილ გორდულაძე

სუს-ის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას დაკავების საქმეს „ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, რადიკალების მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება მცდელობაა რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს.

„კარგად დაიმახსოვროს ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ დანაშაული ჩაიდინოს, მათ მიმართ კანონის სრული სიმკაცრით ყველა ღონისძიება გატარდება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, კუპრავას დაკავება უკავშირდება არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას. გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.