არჩილ გორდულაძე: სისტემური ძალადობა სწორედ მომიტინგეებისგან მომდინარეობს. გარკვეული პირები პირდაპირ ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობენ, მათ შორის ჟურნალისტებისას

არჩილ გორდულაძე

რა თქმა უნდა, ჩვენც ვიხილეთ მანიფესტაციების დროს რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც არ უნდა განმეორდეს და ისეთი შემთხვევებიც იყო, რომელიც არანაირ მორალში არ ზის. წაქცეულ ადამიანს რომ წიხლს თავში ჩაარტყამ, ეს არ მგონია რაიმე ფორმით გამართლებული იყოს. მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ამას უძღოდეს წინ. არ შეიძლება, რომ ტელევიზიებში ჟურნალისტების ბულინგის ფაქტებს ვხედავდეთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი მხრიდან ძალადობის წახალისება, თუმცა ისიც მიუღებელია, როდესაც აქციის მონაწილეები არ საუბრობენ დაზარალებულ პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებზე.

„როდესაც ადამიანები ასე ცალმხრივად უყურებენ ხოლმე და მხოლოდ და მხოლოდ მანიფესტაციაში მონაწილეების დაშავებაზე საუბრობენ, რატომ ავიწყდებათ ხოლმე პოლიციელები? რატომ ავიწყდებათ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც დგანან ხოლმე მუხლჩაუხრელად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე?! რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა დასაგმობია და ერთი წამითაც კი არ შეიძლება, რომ ვინმემ ძალადობა წაახალისოს და ხელი შეუწყოს. მაგრამ აქ ხომ მთავარი ფაქტებია. ფაქტი ის არის, რომ სისტემური ძალადობა სწორედ, მომიტინგეებისგან მომდინარეობს. გარკვეული პირები, რამდენიმე ასეული ადამიანია, რომელიც სისტემური ძალადობის ფონზე ცდილობდნენ, რომ დაეზიანებინათ გარშემო მყოფები და პირდაპირ ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ, მათ შორის ჟურნალისტებისას. ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს როგორ ესროლეს პიროტექნიკის ნაწარმი. ამაზე არავინ საუბრობს, არავინ გმობს. არავინ საუბრობს თქვენი ჟურნალისტების, ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ბულინგზე, რომელიც იმდენად სისტემური გახდა, რომ ყველანაირ ზღვარს გადაცდენილია“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ნაცოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებისგან ვერავინ მოისმინა მათი კოლეგების მიმართ, აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ფაქტები.