„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილს ელის, მაგრამ ალისონი გუნდის დატოვებას არ აპირებს - გამოცემა „მირორი“

გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდება, თუმცა გუნდის ამჟამინდელი მეკარე ალისონ ბეკერი კლუბის დატოვებას არ გეგმავს, — ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა „მირორი“ ავრცელებს.

„მოსალოდნელია, რომ ალისონ ბეკერი ზაფხულში საუდის არაბეთიდან მიღებულ წინადადებებს უარყოფს, ხოლო „ლივერპულს“ ამ პერიოდში „ვალენსიიდან“ გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.

ინგლისის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ უკვე იცის, რომ მისი ახალი მეკარე გზაშია. მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა. თუმცა, როგორც ჩანს, „წითლები“ ალისონ ბეკერის გაყიდვას ჯერჯერობით არ განიხილავენ, იმის მიუხედავად, რომ ქართველ მეკარეში მნიშვნელოვანი თანხა გადაიხადეს“, — წერს „მირორი“.

ალისონ ბეკერის პერსონალური მწვრთნელი კლაუდიო ტაფარელიც ამტკიცებს, რომ ბრაზილიელი ზაფხულში „ლივერპულის“ დატოვებას არ აპირებს.

„საუდის არაბეთიდან ძალიან მაღალი ანაზღაურებაა შემოთავაზებული, მაგრამ ალისონი ყოველთვის ამბობს, რომ კარიერის გაგრძელება „ლივერპულში“ სურს. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ამის დანახვა მნიშვნელოვან მატჩებში შეგიძლიათ“, — აცხადებს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი.