არჩილ გორდულაძე რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე: როდესაც ერთ სიბრტყეზე დააყენებენ აბსოლუტურ უღირსობას და მეორე სიბრტყეზე არის თავისუფალი მოგზაურობა, ეს წარმოუდგენელი უნდა იყოს ნებისმიერ ქართულად მოაზროვნე ადამიანისათვის

არჩილ გორდულაძე

ძალიან კარგია, რომ საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს. ჯერ კიდევ არსებობს გონივრულობა, რომ უბრალოდ ასე დაჟინებით და ასე ყველაფერზე ხელის აღებით არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს ელაპარაკებოდე. კარგია, რომ ასეთი ქვეყნების წარმომადგენლები კიდევ არსებობენ და მათაც რა თქმა უნდა უნდა გაითვალისწინონ, რომ იგივე, რაც ხდება ახლა საქართველოს მიმართ, მათი ქვეყნების მიმართაც შეიძლება მოხდეს, - ასე ეხმაურება „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგი გამოვიდა.

არჩილ გორდულაძის თქმით, კარგია, რომ გონივრული აზრი ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული.

„შეუძლებელია, რომ გონივრულობა არ არსებობდეს და უბრალოდ ყველამ ასე ხაზი გადაუსვას ლოგიკას და ამ უსამართლობას მხარი დაუჭიროს. მოლოდინი რა თქმა უნდა ამისი არსებობს, მაგრამ ეს მოლოდინები არ გვაძლევს სიფხიზლის მოდუნების საშუალებას.

აქ მთავარი ის კი არ არის, რომ გადაწყვეტილება ამგვარი თუ იმგვარი იქნება მიღებული, აქ თვითონ საკითხის დაყენებაც კი პრობლემა არის, საკითხის დაყენებაც კი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ნებისმიერი ქართულად მოაზროვნე ადამიანისათვის. როდესაც ერთ სიბრტყეზე დააყენებენ აბსოლუტურ უღირსობას და მეორე სიბრტყეზე არის თავისუფალი მოგზაურობა, ეს წარმოუდგენელი უნდა იყოს ნებისმიერი ქართულად მოაზროვნე ადამიანისათვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული პირები, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც უბრალოდ სუვერენიტეტი ფეხქვეშ არის გათელილი, ყველაფერზე ხელმომწერები არიან. აბა დავფიქრდეთ ერთი წამით, რომ ანალოგიური მოთხოვნა სხვა ქვეყნებს ჰქონდეს, თუნდაც ევროკავშირის, რომელიმე ძლიერი ქვეყნის მიმართ. რა დამოკიდებულება ექნებოდა და როგორ აიმაღლებდნენ ისინი ხმას? მაგრამ მათთვის ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ პატარა საქართველოს უბრალოდ ხმის ამოღების და სიმართლისთვის, თეთრზე თეთრი ხმის უფლებაც კი არ აქვს მათი გადმოსახედიდან. მაგრამ ისევ ისეთივე უფლება გვაქვს, როგორც სხვას, არავისზე ნაკლებები არ ვართ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „ევროკავშირი საქართველოს მკაცრად ესაუბრება - მაგრამ რბილად იქცევა“. სტატიაში საუბარი ძირითადად საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზეა და იმ დედლაინზეა, რომელზეც ბრიუსელის წერილშია მითითებული - 31 აგვისტო.

როგორც იოზვიაკი წერს, იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და არაპროპორციული იქნება.