არჩილ გორდულაძე: მათი ნებისმიერი განცხადება, ვინც ამბობდა, რომ მიტაცებულია არჩევნები და ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი არჩევანი დაეფიქსირებინათ, აღმოჩნდა აბსოლუტური ტყუილი

არჩილ გორდულაძე

მათი ნებისმიერი განცხადება, ვინც ამბობდა, რომ მიტაცებულია არჩევნები, აღმოჩნდა აბსოლუტური ტყუილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის შუალედურ დასკვნაზე საუბრისას.

„აღმოჩნდა, რომ [არჩევნების გაყალბების] არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ნებისმიერი მათი განცხადება, ვინც ამბობდა, რომ მიტაცებულია არჩევნები და ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი არჩევანი დაეფიქსირებინათ, აღმოჩნდა აბსოლუტური ტყუილი. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოები აგრძელებენ საქმიანობას და ყველას მოუწოდებენ, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ იმისათვის, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმე რამეს ასეთს მიაწვდის, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.