არჩილ გორდულაძე აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი, ეს ჰგავს კუდის მოქნევის მცდელობას ბაიდენის ადმინისტრაციისგან

არჩილ გორდულაძე

"რაც ვნახეთ, მეთიუ მილერმა რამდენჯერმე დაწერა პოსტი, შემდეგ წაშალა, შემდეგ ისევ დაწერა, კიდევ წაშალა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ განცხადება, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულიაო. სავარაუდოდ, ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერეს, მათ შორის, შეგვიჩერეს პირდაპირი ფრენები - ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, როდესაც პარტნიორობაზე გვაქვს საუბარი, პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ პარტნიორებთან ღირსეული დამოკიდებულება ჰქონდეს და არაერთ ქართველს საკუთარი სისხლით დაუმტკიცებია, რომ ქვეყანა თავის წილ ვალდებულებებს ნამდვილად ასრულებს. ამის საპასუხოდ ტყუილსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, გორდულაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან "კუდის მოქნევას" ჰგავს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორების მიმართ ვიყოთ ღირსეულები და არაერთ ქართველს, საკუთარი სისხლის და ოფლის ფასად გადაუხდია ეს ვალი და დაუმტკიცებია, რომ ჩვენ ნამდვილად ღირსეულად ვასრულებთ ჩვენს წილ ვალდებულებებს და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამის საპასუხოდ ვიღებთ აბსოლუტურ ტყუილს და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს უფრო ჰგავს კუდის მოქნევის მცდელობას ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რათა ტრამპის ახალ ადმინისტრაციას რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებიდან უმოკლეს ვადაში, უზრუნველყოფილი იყო როგორც თავისუფალი გადაადგილება, ისე ვაჭრობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, შესაბამისად, საქართველო სხვა სტრატეგიული პარტნიორებისგანაც მსგავს მიდგომას მოელის.

"ჩინეთმა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, უმოკლეს ვადაში პირდაპირი ფრენები და გადაადგილებაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანასთან და ქართულ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ ჩინეთში თავისუფლად იმოგზაუროს და მათ შორის, ვაჭრობის შეთანხმებაც გაფორმდა. ჩვენ მოველით, რომ სხვა პარტნიორმა ქვეყნებმაც მიბაძონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და პარტნიორობის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩინეთთან, მათთანაც იყოს გამეორებული", - განაცხადა გორდულაძემ.