არჩილ გორდულაძე: ამომრჩევლებმა საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - 2024 წელს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი სხვადასხვა პარტია რომ გააფერადეს, მხარს რას უჭერდნენ? - ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ და ხელისუფლებაში რომ იყვნენ რას გააკეთებდნენ? ამ ადამიანებს ანდობდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს?

არჩილ გორდულაძე

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შავ დღეშია, მათ შორის ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე. ვხედავთ, რომ ქვეყანაში შავი ფულის შემოსვლა მინიმუმამდე დასულია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ამის კვალდაკვალ სულ უფრო თვალსაჩინოა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება იზრდება.

„შავი პოლიტიკური ფულის შემოსვლა, რომლის მიზანიც არის „მოლოტოვის“ კოქტეილის სროლის კამპანის დაფინანსება, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, მათი ცოცხლად დაწვის მცდელობების დაფინანსება, პიროტექნიკის ყიდვა, ჯარიმების გადახდა და ყველანაირი ძალადობს წახალისება. ეს თანხები რომ ვეღარ შემოდის, ვხედავთ გაიზარდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება, რომ როგორმე საკუთარ პატრონებთან საკუთარივე თავი წარმოაჩინონ, რათა ის მცირე თანხები რაიმე ფორმით მოძიებადი იყოს, რომ მათთან მიესვლებოდეთ. ვინ უფრო მეტად არის დამორჩილებული გარე მმართველობას, ამის წარმოჩენა ხდება და თანამზრახველების გვერდზე გაწევის მცდელობებია. მთავარი ისაა, ამ პოლიტიკურ ძალებს ვიღაც ხომ უჭერს მხარს? ბევრი შეცდომაშია შეყვანილი, ბევრს არასწორი ინფორმაცია აქვს, ბევრი მიიჩნევს, რომ სწორია რაც ხდებოდა და რომ საქართველო სხვაზე უნდა იყოს დამოკიდებული. მაგრამ მოდი, ამომრჩევლებმა საკუთარ თავთან დასვან კითხვა - 2024 წელს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი სხვადასხვა პარტია რომ გააფერადეს, მხარს რას უჭერდნენ? უჭერდნენ იმას, რომ ერთ ნაციონალს მეორე ნაციონალისთვის თანხები დაეთვალა, ვერ გაეყოთ თანხა, ვინ იქნებოდა რომელიმე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი... წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ და ხელისუფლებაში რომ იყვნენ რას გააკეთებდნენ? ამ ადამიანებს ანდობდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს? რომ არა ჩვენი გუნდი, ჩვენი გუნდის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყანა ფიზიკურადაც აღარ იარსებებდა, ეს ძალა რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. პირდაპირ ეთერში გიგი უგულავა ამბობდა გულზე მჯიღის ცემით - დიახ, ომი მინდაო. ვხედავთ ასევე, რომ გლობალური ომის პარტია ისევ ამ ადამიანებზე აკეთებს აქცენტს, რადგან სხვას ვერავის პოულობს, ვინც გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენ ქვეყანას მოუტანს უბედურებას“, - განაცხადა გორდულაძემ.