1734778532
არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება - ირაკლი კობახიძე
ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციური პარტიები ქართველ ხალხს არ ესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში და ამის სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან.
„ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს, თუმცა ეს გარე ჩარევა რეალურად ვერ მოახდენს რაიმე არსებით გავლენას საბოლოო ჯამში, ამომრჩეველთა ნებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და გადამწყვეტი. ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ოპოზიცია საერთოდ არ ატარებს სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას. აქვთ გარკვეული შეხვედრები, ზოგიერთ შემთხვევაში პარტიის ლიდერები ჩადიან მუნიციპალურ ცენტრებში, მაგრამ ამის იქით რეალურად კამპანია არ წარიმართება. ქართველ ხალხს ოპოზიციური პარტიები არ ესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამის სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან. ოპოზიციის საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე წარიმართება გარედან, რაც არის ანომალიური მოვლენა. თუმცა, ეს ობიექტურ საფუძველზეა დამყარებული, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას სინამდვილეში არაფერი აქვს სათქმელი ხალხისთვის. არც იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 9 წლის განმავლობაში, ვერც იმაზე იტყვიან ვერაფერ კარგს, თუ რას აკეთებდნენ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში და არ აქვთ არავითარი ხედვა შემდეგი 4 წლისათვის. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მათი მფარველები ქვეყნის გარედან მათ მაგივრად აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას. ასეთ პირობებში კიდევ უფრო სუსტია ოპოზიციის შანსები, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა პრემიერმა.