არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა გამოიყენონ რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის - კალაძე

კახა კალაძე

"მაკკეინის ინსტიტუტის" განცხადება, რომლის მიხედვით ორგანიზაციამ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახდა. "ქართული ოცნების" შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის პოლიტიკური პატიმრის წოდება და მის საქმესთან მსგავსი პარალელების გავლება აბსურდია.

"მე არ ვიცი, რას ემსახურება ამ ტიპის უაზრო განცხადებები, სხვანაირად ვერ შეაფასებ ამას, რადგან არსებობს კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები, როდესაც ადამიანები ჩადიან დანაშაულს. მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვიღაცები გადაარწმუნონ იმაში, ან აზრი შეუცვალონ, მაგრამ რას უშვრებიან კონკრეტულ ფაქტებს და ამ ადამიანების დანაშაულებრივ ქმედებებს? ყველამ შეძლო იმის ნახვა, როდესაც, მაგალითად, ქალბატონი მზია ამაღლობელი პოლიციელს ურტყამს ხელს - წარმოუდგენელია. ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ვიცით ყველამ.

ყველა განცხადების, რომელსაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, მთავარი მოტივაციაა, რომ როგორმე დააზიანონ ქვეყნის იმიჯი, დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ამაში უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება რეალურად, ძალიან კარგად აფასებს ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გარედან ვითომ გაგიჟებულები იბრძვიან საქართველო დამოუკიდებლობისთვის და ვითომ, ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე გული შესტკივათ.

რეალურად, მათი მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე ხელისუფლების სადავეები ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ ხვალ, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინვე ჩართონ ქვეყანა ომში რუსეთის წინააღმდეგ. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა გამოიყენონ რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის," - აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ "მაკკეინის ინსტიტუტის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან მიღებული ნახევარმილიონიანი დაფინანსება მთელ მსოფლიოში პოლიტიკური პატიმრებისა და მძევლების გათავისუფლებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერას მოემსახურება. გამოყოფილია მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც ინსტიტუტი ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორის ასახელებს. მის გვერდით გამოყოფს შემდეგ საქმეებს: ხესუს არმასი - ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი; მარია კოლესნიკოვა - ბელარუსი აქტივისტი და აშშ - ისრაელის მძევლები ღაზაში. გამოყოფენ კიდევ ერთ ნაწილს, სადაც "მაკკეინის ინსტიტუტი" აღნიშნავს, რომ ანალოგიურად, გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟებისთვის ჰქონდა მისჯილი სამ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა.