არანაირი სანქცია არ არსებობს. არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე. სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას გარე აგრესორისგან - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

 არანაირი სანქცია არ არსებობს. არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე და აგრესორის თავდასხმის წინააღმდეგ არსებობს თავდაცვის უფლება. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს მიერ აღიარებული უფლებები, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედსა“ და „პოსტივიზე“ დასმული კითხვის საპასუხოდ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას.

„ვნახეთ ბრიტანეთის ხელისუფლების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და, რა თქმა უნდა, თავისუფალ მედიას აქვს უფლება, რომ ამ არაპროვოცირებული, უსამართლო თავდასხმისგან თავი დაიცვას. ეს არის ჩვეულებრივი აგრესია და აგრესიის წინააღმდეგ ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას, სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, ასე რომ ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი. აგრესორი აქ არის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელიც უსაფუძვლოდ, უსამართლოდ და არაპროვოცირებულად თავს დაესხა თავისუფალ მედიას, ხოლო მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის თავისუფალი მედია, რომელსაც აქვს ყველა უფლება, რომ თავი დაიცვას. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას გარე აგრესორისგან და გააგრძელოს მართალი სიტყვის მიტანა საზოგადოებამდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.