არ ვითხოვთ, რომ სააკაშვილი შეიყვაროთ და ხვალ ხელისუფლებაში დასვათ - ეს არჩევნებისა და ხალხის გადასაწყვეტია - გიგი უგულავა

გიგი უგულავა

"არ ვითხოვთ, რომ შეიყვაროთ სააკაშვილი და ის ხვალ ხელისუფლებაში დასვათ, ეს არჩევნების და ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მას აქვს სიცოცხლის, საქმიანობის უფლება",  - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

„შეიძლება, ვისაუბროთ ეკონომიკაზეც, პოლიტიკაზეც და შეიძლება წინაც წავიდეთ, მაგრამ როგორც კი ამის განხორციელების კონტურებზე დავიწყებთ ლაპარაკს, აღმოვაჩენთ, რომ ქვიშაზე ვაშენებთ შენობას ფუნდამენტის გარეშე. თუ სახურავს ააშენებ, არ იქნება კედლები და ამ კედლებს ფუნდამენტი არ ექნება, შენობა პირველივე ქარში ან წვიმაში ჩამოიშლება. ზუსტად ასეთ ვითარებაში ვართ.

სააკაშვილის საკითხი არის ფუძემდებლური საკითხი. 90-იან წლებში შევქმენით პრობლემები, რომელთა მოგვარებას 10 წელი დასჭირდა. როდესაც თვალსა და ხელს შუა კლავენ პრეზიდენტს, რომელსაც ამდენი მემკვიდრეობა აქვს და ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, შერიგებაზე ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი, ასევე, ეკონომიკაზე საუბარი სრულიად არაადეკვატური გახდება. როდესაც გრადუსი მატულობს და უკიდურეს პოლარიზაციამდე მივდივართ, ეს ურტყამს ეკონომიკას, ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ნუ მოვიტყუებთ თავს.

ყველაფერი, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, ფუძემდებლური საკითხებია. დღეს ორი ასეთი საკითხია, რომელიც საბოლოოდ ერთ საკითხზე დაიყვანება, ეს არის სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან. ნუ მოვიტყუებთ თავს და სააკაშვილი არის ფაქტორი საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობაში. ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, ვიღაც ფიქრობს, რომ პოზიტიურ როლს თამაშობს, ვიღაც ფიქრობს, რომ ნეგატიურს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ის ფაქტორია და თუ სირაქლემა არ ხარ, ამ ფაქტორს ანგარიში უნდა გაუწიო. როდესაც სადღაც საუბრობ ეკონომიკაზე და დგახარ ციხესთან, ამბობ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, სინდისის პატიმარია, ეს ადამიანი გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვათ სიკვდილისკენ, ის პუტინის პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს. ასე ფიქრობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ჩვენი ვალდებულებაა, მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ ასე ვერ განვითარდები და თუ გინდა, ქვიშაზე რამე ააშენო, მინიმუმ ფუნდამენტი უნდა გააკეთო.

ფუნდამენტი კი არის უსაფრთხოება, რაც უკრაინასთანაა დაკავშირებული. უკრაინასთან მიმართებით ორი ფუნდამენტური საკითხია - სანქციები, რასაც უკრაინა მტკივნეულად აღიქვამს, როდესაც საქართველო ღალატობს. ხოლო მეორე სააკაშვილის საკითხი - აქაც არ უნდა გვქონდეს ილუზიები. ეს საკითხი მოსაგვარებელია. სააკაშვილი უკრაინაში იმ მმართველი გუნდის აქტიური წევრია, რომელიც დღეს ცივილიზაციურ ომს აწარმოებს მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სახელით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც „ქართული ოცნებისგან“ ვისმენთ, არაადეკვატურია. ამიტომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და სანამ არ გადაწყდება, არ უნდა დავიღალოთ. საზოგადოებას უნდა ავუხსნა, არ ვითხოვთ, რომ შეიყვაროთ სააკაშვილი და ის ხვალ ხელისუფლებაში დასვათ, ეს არჩევნებისა და ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მას აქვს სიცოცხლის უფლება, საქმიანობის უფლება. რასაც ვხედავთ, მითუმეტეს, დღევანდელი ომის ფონზე, სრული უსინდისობაა“,- განაცხადა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ .