არ მგონია, რომ ევროკომისიის დღის წესრიგში ეს აქტიურად ფიგურირებდეს, რადგან უკრაინაში ჯერ ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება - ფავლენიშვილი ერთნაირსქესიანთა შესახებ კანონპროექტზე

ირაკლი ფავლენიშვილი

ევროკომისია ავალდებულებს უკრაინას, რომ მიიღოს კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს. უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიას გაუგზავნეს ერთობლივი წერილი, სადაც გამოხატეს შეშფოთება უკრაინაში ინიცირებული სამოქალაქო კოდექსის პროექტის გამო.

მათი თქმით, კანონპროექტი ზღუდავს ერთნაირსქესიან წყვილთა სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობებს. ინფორმაციას ევროკომისიის საპასუხო წერილზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა "მეჟა" ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ერთნაირსქესიანი ოჯახების რეგისტრაციის შესაძლებლობის ვალდებულება აიღო.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯერ ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და" სხვა ტიპის მოთხოვნების აქტუალიზაცია ნაკლებად პრიორიტეტულია".

"არ მგონია, რომ ევროკომისიის დღის წესრიგში ეს აქტიურად ფიგურირებდეს, იმიტომ, რომ უკრაინაში ჯერ ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. სხვა ტიპის მოთხოვნების აქტუალიზაცია ნაკლებად პრიორიტეტულია. ნამდვილად არ მწამს, მსგავსი რამ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში აქტუალურად იყოს დასმული,"- აცხადებს ფავლენიშვილი.