1740399858
არ არსებობს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ისეთი სცენარი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განლაგებას მოიცავს - პიტ ჰეგსეტი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, არ არსებობს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ისეთი სცენარი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განლაგებას მოიცავს.
ჰეგსეტმა განმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიები კიევს შეუძლია ეკონომიკური პარტნიორობის სახით მიიღოს. პენტაგონის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება და მშვიდობის მიღწევა შეუძლია.
„პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთ რამეზეა ორიენტირებული, უკრაინაში დაასრულოს სისხლისღვრა და ნგრევა, ასევე უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა. იგი ორივე მხარესთან პირდაპირ კომუნიკაციაშია. ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია, ვინც შეძლო რუსეთის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოყვანა. ჩვენ კარგად ვიცით, ვინ სად შეიჭრა. თითის გაშვერა არანაირ სარგებელს არ მოიტანს. ახლა მშვიდობის დროა. საჭიროა რუსეთთან დიალოგი ისეთ რთულ თემებზე, როგორიცაა უსაფრთხოების გარანტიები, 2014 წლის საზღვრები, უკრაინის ნატოში წევრობა და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა მშვიდობასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. გვაქვს დიდი პროგრესი. ზელენსკი უნდა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება მისი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი ტრამპი მოლაპარაკებებს ძლიერის პოზიციიდან აწარმოებს და ვლადიმერ პუტინიც აღიქვამს ამ ძალას. სწორედ ამიტომ წამოვიდა დიალოგზე, თუმცა უსაფრთხოების გარანტიის კუთხით არ არსებობს არცერთი სცენარი, რომელიც უკრაინაში ამერიკული ჯარების განლაგებას გულისხმობს და ჩვენ ეს ცალსახად განვმარტეთ“, - თქვა ჰეგსეტმა.