არ არსებობს საფუძველი, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ან ადგილობრივი არჩევნები გადაიდოს, თუ ვინმეს პოლიტიკური ამბიცია აქვს, ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

არ არსებობს საფუძველი, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ან ადგილობრივი არჩევნები გადაიდოს, თუ ვინმეს პოლიტიკური ამბიცია აქვს, ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო უილსონის განცხადებები მტკიცებულებებს აცდენილია.

ჯო უილსონზე, როგორც პოლიტიკოსს, მიჭირს შეფასება გავაკეთო. მის მთელ განცხადებას ვუსმინე. საზოგადოება ნახავდა, რამდენად არასერიოზულია მისი შეფასებები, რადგან ეს განცხადებები საფუძველსა და მტკიცებულებებს აცდენილია. რაც შეეხება არჩევნებს, არცერთი საფუძველი არ არსებობს, რომ რაიმე სახის ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ან ადგილობრივი არჩევნების გადადება მოხდეს. ამ თვალსაზრისით, სხვა გეგმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ 2024 წლის არჩევნებს შედეგებს და თუ პოლიტიკური ამბიცია აქვთ, ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადონ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა. რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს“.