აპელირება, რომ FARA-ში მხოლოდ უცხო მთავრობის მიერ დაფინანსებული პირები არიან დარეგისტრირებულნი, სიმართლე ნამდვილად არ არის - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის, განცხადებით, იმაზე აპელირება, რომ FARA-ში მხოლოდ და მხოლოდ უცხო მთავრობის მიერ დაფინანსებული პირები არიან დარეგისტრირებულნი, სიმართლე არ არის.

მისი თქმით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირი გაწევრიანებაზე ხუმრობით გაკეთებული განაცხადი არ არის და მას 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება.

"იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არიან მხოლოდ და მხოლოდ უცხო მთავრობის მიერ დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომელიც არ წარმოადგენს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ეს არცოდნა ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი. ძირითადი აპელირება, სწორედ ევროატლანტიკური კურსის დაზიანებაზე ხდება. ზუსტად ეს განცხადებები ქმნის აღშფოთების მუხტს საქართველოში, თუმცა არცერთი არგუმენტი არ უთქვამს ამ დრომდე არავის, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს წინააღმდეგობაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. რას ემსახურება და ვის ინტერესებში შედის ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები გაუგებარია. საქართველოს განაცხადი ევროკავშირი გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი, ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და მას წინ ვერ დაუდგება 31 ევროპარლამენტარის განცხადება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.