ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადება დაახლოებით იგივეა, რაც გუბაზ სანიკიძის და სალომე სამადაშვილის ერთობლივი განცხადება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას საქართველოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის, ასევე რასას და სალომე სამადაშვილს შორის. ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არაერთი კრიტერიუმით არის წინ უკრაინასა და მოლდოვაზე და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.

ევროპარლამენტარები უარყოფითად აფასებენ ფაქტს, რომ "შარლ მიშელის შეთანხმება" ამ დრომდე არ არის შესრულებული. ანდრიუს კუბილიუსისთვის და რასა იუკნევიჩიენესთვის გაუგებარია მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინის და ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით.