ანდრია ჯაღმაიძე: ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებთან დაკავშირებით ჩვენ გაცილებით ადრე ვამბობდით, ვიდრე ახლა ვისმენთ ხელისუფლებისგან - ახლა, როდესაც ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პლატფორმაზე აღმოვჩნდით

ანდრია ჯაღმაიძე

ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებთან დაკავშირებით ჩვენ გაცილებით ადრე ვამბობდით, ვიდრე ახლა ვისმენთ ხელისუფლებისგან - ახლა, როდესაც ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პლატფორმაზე აღმოვჩნდით, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დეკანოზმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის ინიციატორებს მადლობა გადაუხადა.

„როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესია სახელმწიფოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, მინდა შევახსენო ყველას, რომ რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებთან დაკავშირებით, ამას გაცილებით ადრე ვამბობდით, ვიდრე ახლა ვისმენთ ხელისუფლებისგან. დღეს პარლამენტში შალვა პაპუაშვილს შევხვდით და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ ლგბტ პროპაგანდის საკითხი მოზარდებში. მინდა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ეს საკითხი დააყენა.

ეს ჩვენგან ნათქვამი და წამოსული ტკივილი და ინიციატივებია და ახლა როდესაც ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პლატფორმაზე აღმოვჩნდით ამ კუთხით, რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის თემას“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.